17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
სებასტიან კურცის განცხადებას საქართველოში დევნილთა ცენტრის გახსნის თაობაზე მოსკოვი გამოეხმაურა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას საქართველოში დევნილთა ცენტრის გახსნის თაობაზე მოსკოვი გამოეხმაურა. რუსეთის ფედერაციის საბჭოში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა რეალიზების შემთხვევაში რუსეთის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს, რადგან საქართველოსა და რუსეთს საერთო საზღვარი აქვთ.

ფრანც კლინცევიჩი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე განცხადება მხოლოდ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოზიციების გამოსავლენად გაკეთდა, თუმცა მომავალში შესაძლოა ქვეყანას უფრო კონკრეტული წინადადებებით მიმართონ. რუსი სენატორი ამ ინიციატივას საქართველოსა ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს შესაძლოა ერთგვარი საფასური გახდეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გამოეხმაურა.

„ბატონი კურცის კაბინეტში გვქონდა კომუნიკაცია და გვითხრეს, რომ არაფერი კონკრეტული ამის ქვეშ არ იგულისხმა. მაგალითად დაასახელა საქართველოო. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური და მოულოდნელი იყო ეს განცხადება ბატონი კურცის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენ გადაადგილებული პირების სახლში დაბრუნებაზე, რაც არის პრიორიტეტი,“ - განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

დევნილთა ცენტრის საქართველოში გახსნის თაობაზე განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა. სებასტიან კურცი მიიჩნევს, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

დღის ამბები