17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრობს - "დაწყევლილმა" პროკურორებმა დეკანოზი ამ დრომდე ვერ დაკითხეს

ციანიდს საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის უკანასკნელი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პროკურატურამ მამა გიორგი ავადმყოფობის სიმულირებაში დაადანაშაულა და ასევე გამომძიებელმა განაცხადა, რომ მამა გიორგიმ ისინი დაწყევლა.

მამა გიორგის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილს, ტექსტი, რომელიც პროკურორმა წყევლად მიიჩნია, ჩაწერილი აქვს.

„თუ მე შევიძინე ციანიდი, მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს ყველაფერი მე მომიწყო,“ - ნათქვამია ტექსტში.

ოთხშაბათს პროკურორებმა მამა გიორგი ვერ დაკითხეს. ადვოკატის თქმით, მან ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა და სწორედ ამ დღეს გადასცა ადვოკატს ის ტექსტი, რომელიც პროკურორმა სამართალდამცავების წყევლად მიიჩნია. მიხეილ რამიშვილს შეკითხვა უჩნდება, თუ რატომ აღიქვეს პროკურორებმა წყევლა იმ პირების მიმართ, ვინც მამა გიორგის ციანიდი ჩაუდო, საკუთარ თავზე.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ოქმის მიხედვით, ციანიდი ფეხსაცმლის საწმენდი სითხის თავსახურში მცირე კონტეინერით იყო ჩადებული.

11 თებერვლიდან, რაც მამა გიორგი მამალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ციანიდის წარმომავლობასთან ერთად დღემდე ბოლომდე გაურკვეველია, რა არის ოფიციალური ვერსია. კონკრეტულად ვინ ან რატომ უნდა მოეკლა ბრალდებულს, ასევ უცნობია ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების შინაარსი, ამ საქმის მონაწილეთა სავარაუდო ვინაობა და მოტივი. სამაგიეროდ მთავარმა პროკურორმა სინოდს პირადად აჩვენა ფარული ჩანაწერები და გააცნო საქმის მასალები. ეს შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პატრიარქს და მღვდელმთავრებს მამა გიორგისთან შეხვედრაზე უარი ეთქვათ.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები