17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
კიდევ უფრო იზოლირებული აფხაზეთი - ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზი და რეგიონში შექმნილი პრობლემები 

აფხაზეთი დღეიდან კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა - რუსეთმა საოკუპაციო ხაზზე არსებული ყველა საფეხმავლო გადასასვლელი დღეს დილიდან გადაკეტა. 

ამ გასასვლელებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები და ქართველები სარგებლობდნენ - ისინი პროდუქციის შესაძენად გადმოდიოდნენ, პატარები კი სკოლებში და საბავშვო ბაღებში გადმოჰყავდათ. ახლა ერთადერთ დამაკავშირებელ დერეფნად ენგურის ხიდი რჩება, სადაც მალე საბაჟო გამშვები პუნქტი ამოქმედდება, რაც მიმოსვლას მნიშვნელოვნად გაართულებს.

ბავშვები კი აფხაზეთიდან ქართულ სკოლებში სიარულს, სავარაუდოდ, საერთოდ ვეღარ შეძლებენ, რადგან ამისთვის მათ ყოველდღიურად, შემოვლითი გზით, ათობით კილომეტრის გავლა მოუწევთ ფეხით, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ენგურის ხიდი დღეიდან ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირის ერთადერთი პუნქტია. აქ გადმოსვლა ფორმალურად არავის ეკრძალება, მაგრამ გალის რაიონის 98 სოფლიდან ბევრი იმდენად არის დაშორებული ხიდს, რომ იქაურებს ხიდამდე მოსვლა გაუჭირდებათ და გაუძვირდებათ.

აფხაზეთის დაპყრობის, მავთულხლართების გაყვანის, სამხედრო ბაზებისა და საგუშაგოების აშენების შემდეგ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას უკვე, თითქმის, სრულ იზოლაციაში აქცევს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები