17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გეგმა - ახალი გადაცემების შერჩევა აპრილიდან დაიწყება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გეგმა დამტკიცებულია. დოკუმენტი, რომლითაც არხი 3 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს, დღეს სამეურვეო საბჭოში მწვავე განხილვის მიზეზი გახდა.

კამათი სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სულხან სალაძე შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ მენეჯმენტის მიერ სხვადასხვა დროს მომზადებულ 2 სამოქმედო გეგმას შორის არსებითი განსხვავება არ არის.

ახალი გეგმის ავტორები თანამშრომლების გათავისუფლებას არ გამორიცხავენ, თუმცა განმარტავენ, რომ კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

ახალი გადაცემების შერჩევის კრიტრიუმზე სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს. კონკურსი აპრილში გამოცხადდება და მასში მონაწილეობას მოქმედი გადაცემების ავტორების ნაწილიც მიიღებს.

გადაცემების ავტორებს, რომლებიც ახალ საეთერო ბადეში მოხვდებიან, 2018 წლიდან შესაძლოა, მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში მოუწიოთ. უკვე ცნობილია, რომ მაუწყებელი ადგილმდებარეობას შეიცვლის.

მაუწყებლის ახალი შენობაც დღეს დამტკიცებული გეგმის ნაწილია. დოკუმენტს სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან მხარი 6-მა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ სულხან სალაძე და ქეთევან მსხილაძე იყვნენ.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე 

დღის ამბები