17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი აფხაზეთში თავისუფლად გადაადგილდება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი კვლავ თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ნაციონალურმა მოძრაობამ ის კადრები მიაწოდა, რომელზეც რაშიდ კანჯიოღლია ასახული.

ვიდეომასალა ერთი კვირის წინ გალის რაიონშია გადაღებული. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არაა დაკავებული და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

უსაფრთხოების სამსახურში დამატებითი განცხადება კანჯიოღლისთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კადრები, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა, რამდენიმე წლის წინანდელია. საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ იმაზეც, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის საერთაშორისო ძებნაზე გადასაცემად ძალოვანმა უწყებამ ინტერპოლს უკვე მიმართა.

საპარლამენტო ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ოთხოზორიას მკვლელის დასაკავებლად აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს. ნაციონალურ მოძრაობაში სახელმწიფოს უმოქმედობაზე საუბრობენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან ერთად, მისი ოჯახის წევრები კანჯიოღლისთვის სასჯელი დამძიმებას ითხოვენ.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.ე. აფხაზმა მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიმ გასული წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩასთან მოკლა. მას შემდეგ კანჯიოღლის დაკავებას ოფიციალური თბილისი უშედეგოდ ითხოვს.

ავტორები: დავით კაკულია, ემა გოგოხია, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები