17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციაზე მიღებული რეგულაცია - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეგულაციის გამოქვეყნებას წერილობით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებაში ნათქვამია:

"უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.

"უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები," -წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები