17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
ივანიშვილი ვერ მოატყუებს ევროპას - თინათინ ბოკუჩავა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ საქართველოს პრემიერმინისტრისადმი მიწერილ წერილს აფასებს.

კურიერის პირდაპირ ეთერში მან ევროდეპუტატების მხრიდან  გამოხატულ კრიტიკაზე ქართული ოცნების წევრების პასუხს საგანგაშო უწოდა. ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს კომპეტენციას უწუნებენ.

„ევროპარლამენტარები პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ხელი აიღონ რუსთავი 2-ის მითვისებაზე, არ ჩაერიონ მის სარედაქციო პოლიტიკაში და არ გამოიყენონ სასამართლო მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამაზე უფრო მკაცრი გაფრთხილება დიპლომატიურ ენაზე, რეალურად არ არსებობს,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ის აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება ერთადერთი არ არის და საქართველოს ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საქმეზე უკვე არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა, დაეცვა დემოკრატიის პრინციპები.

თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, „ივანიშვილი ვერ მოატყუებს ევროპას“, რადგან ის რუსეთის პრეზიდენტის მსგავსად ცდილობს მედიასაშუალების დახურვას.

„არ გამოვა, რასაც ივანიშვილი ცდილობს, რომ ერთის მხრივ, მოატყუოს საზოგადოება და საზოგადოებას უთხრას, რომ არაფერი შეცვლილა და ხელისუფლების სვლა ევროპისკენ გრძელდება და ჩვენი კურსი შენარჩუნებულია და მეორეს მხრივ, მან ითამაშოს პუტინის მეთოდებით და წესებით,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი საქართველოში არსებობდეს ისეთი მედიასივრცე, რომელშიც კრიტიკულ აზრს არ აფიქსირებენ.  

დღის ამბები