17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დახურული სხდომის ვიდეო ჩანაწერი გასაჯაროვდა

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული ზეპირი მოსმენა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. პროცესზე მხარეებს 30 წუთი მიეცათ, რათა თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ფილიპ ლიჩმა დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე.

„მინდა შევეხო ინციდენტს, რომელიც 2013 წლის 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც დილის საათებში მომჩივანი გაიყვანეს საკნიდან მთავარ პროკურორთან, ფარცხალაძესთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, დარბაისელთან შესახვედრად, მას უთხრეს, რომ თუ მიაწვდიდა ინფორმაციას ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა ყოფილი პრემიერის სავარაუდო ანგარიშების შესახებ, ყველა ბრალდებას მოუხსნიდნენ, გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან და ქვეყანაში ცხოვრების უფლებას მისცემდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირობები ციხეში აუტანელი გახდებოდა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა იქნებოდა ხელისუფლებაში, მას გარდა საპატიმროში მისი მეგობრები და ნათესავები აღმოჩნდებოდნენ,“- განაცხადა ფილიპ ლიჩმა.

მან აღნიშნა, რომ საქმეში დევს ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ჩვენება.

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა, რათა ის ჩამოეშორებინათ, როგორც პოლიტიკური ოპონენტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას საუბარი სანდრო გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.

„მოსამართლემ სრულიად ახალი პრეტენზია წამოაყენა საკნიდან გაყვანის შესახებ და ეს დაგვიანებით გააკეთა. მას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ამის შესახებ ხელისუფლებისთვის ეცნობებინა, ამის ნაცვლად მან რამდენიმე დღე მოიცადა და მხოლოდ 2013 წლის 17 დეკემბერს გააკეთა საჯარო განცხადება, თითქოს საკნიდან გაიყვანეს. 20 დეკემბერს ამ ბრალდებებზე შიდა მოკვლევა დაიწყო, დაიკითხა ბრალდებულიც და მის მიერ დასახელებული ვადების მიხედვით შემოწმდა ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მასალებში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. მისი საკნის ჩანაწერების ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან 24 საათში ის ავტომატურად იშლება,“ - განაცხადა ბარამიძემ. 

დღის ამბები