17 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
ევროპარლამენტში შესაძლოა "რუსთავი 2"-ის საკითხზე მსჯელობა გაიმართოს

ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე სავარაუდოდ რუსთავი 2-ის საკითხზე მსჯელობა და დებატები გაიმართება. ევროპელი კანონმდებლები საგანგებო რეზოლუციის მიღებასაც გეგმავენ.

დღეს კი პრემიერმინისტრის სახელზე მკაცრი წერილი მოვიდა, რომელსაც ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი აწერს ხელს. ევროდეპუტატები რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარების ადრესატი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც არის. დეპუტატები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, საქართველოსგან ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი ერთსულოვანი და კრიტიკული ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ აქამდე არ ყოფილა. ოპონენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ევროპარლამენტარების გაფრთხილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ შესაძლოა, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე დააყენოს.

უმრავლესობის წევრები მიმართვას ცალკეული დეპუტატების განცხადებად განიხილავენ და აცხადებენ, რომ წერილის ავტორები რუსთავი 2-ის საქმეზე სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ევროდეპუტატების კომპეტენციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშაც აყენებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების რეაქციას ევროპარლამენტარების წერილზე, არაადეკვატურს უწოდებენ.

დღის ამბები