17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები 20 დღეში ევროპაში უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აქტიური საინფორმაციო კამპანიისთვის მზადება უკვე დაიწყეს. დეტალური ვიდეოები, თუ რა საბუთებით და რამდენი ხნით შეეძლება საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოგზაურობა, მალე გავრცელდება. ასევე ისიც, თუ რა სანქციები ელის მოქალაქეს, რომელიც წესებს დაარღვევს.

20 დღეში საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, უვიზოდ, შენგენის მთელ ტერიტორიაზე გაჭრის, რომელიც ჯამში ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ სახელმწიფოს და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს. მთავარია, რომ 180 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ყოფნა 90 დღეს საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გადააჭარბონ.

ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ევროკავშირის მხრიდან ისევ მაღალი მონიტორინგის ქვეშ დარჩება, საქართველოს ხელისუფლებამ კი, ქვეყანში ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაზეც უნდა იზრუნოს, რომ ხალხმა უვიზო მიმოსვლის სიკეთით ხშირი სარგებლობა შეძლოს.

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ უვიზო მიმოსვლას გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ხელშესახები შედეგი აქვს, რომელსაც რიგითი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს.

უვიზო მიმოსვლა ძალაში ე.წ. შეჩრების მექანიზმის ამუშავებასთან ერთად შევა. წესების დარღევა კი, არა მარტო რიგით მოქალაქეს, არამედ ქვეყნასაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

იმ შემთხევაში, თუ რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზრდება, გაუარესდება ამ ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით კრიმინალური ფონი, ან სამოგზაუროდ წასულები მასობრივად დაარღვევენ 90 დღიან ვადას, ევროკავშირი იტოვებს უფლებას ამ კონკრეტულ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა დროებით შეუჩეროს. 

ავტორები: სოფო ზურაბიანი, ვანო გავაშელი.

დღის ამბები