17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდო ხვალ, წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად გაიმართება

დღეს პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე თავისი მთავარი მტკიცებულებები გაასაჯაროა. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებამ ფარული ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა. ირაკლი და გიორგი მამალაძეებს შორის საუბარი ციანიდს უკავშირდება, თუმცა დღესვე ცნობილი ხდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - სასულიერო პირს ციანიდი ფარული კამერით აღჭურვილი ჟურნალისტისგან არ შეუძენია.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვე დეკაზონ მამალაძეს ფარულად უთვალთვალებდა, არ იციან, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა სასულიერო პირმა ნატრიუმის ციანიდი.

დღეს პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეკანოზი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოწამვლას გეგმავდა. ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში შორენა თეთრუაშვილის გვარი 2-ჯერ ისმის.

მკვლელობის მოტივად ოფიციალურად დასახელდა დეკანოზის სურვილი, რომ ის კარიერულად დაწინაურებულიყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ მტკიცებულებებზე კომენტარი გააკეთა საგამოძიებო უწყების მთავარმა მოწმემ. ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ გამოძიებას დეტალურად უამბო, ვის გულისხმობდა დეკანოზი, როდესაც საუბრობდა, რომ ის უნდა დაეწინაურებინათ.

ბრალდების მოწმემ არ იცის, რატომ არ იყიდა დეკანოზმა ციანიდი იმ პირთან, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მამალაძე ირწმუნება, რომ დეკანოზი მისთვის უცნობი მიზეზით, 4 დღე მის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა.

დეკანოზის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია. მათი თქმით, დეკანოზი ციანიდით ნამდვილად იყო დაინტერესებული, რადგან მას თავად პატრიარქის მდივან რეფერენტმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა ქიმიური ნივთიერების შეძენა. თავად შორენა თეთრუაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება დეკანოზის მიერ გახმაურებულ ვერსიას.

მეორე კვირაა დეკანოზი პროკურორების კითხვებს აღარ პასუხობს. ის პასუხების გაცემამდე ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვდა, ბრალდებულის ეს მოთხოვნა საგამოძიებო უწყებაში დააკმაყოფილეს. გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდ ხვალ, წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები