17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ექპერტების აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა კონკრეტული პირების ინტერესებზეა მორგებული

ექსპერტები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმას აკრიტიკებენ. ახალი მენეჯმენტის გარდა, კითხვები სპეციალისტებს სამეურვეო საბჭოსთანაც აქვთ, რომლის უმრავლესობამაც მაღლაფერიძის გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი. ექსპერტების შეფასებით, გეგმა არა არხის განვითარებაზე, არამედ კონკრეტული პირების ინტერესებზეა მორგებული.

არხის მენეჯმენტის მიერ მომზადებული 3 წლიანი სამოქმედო გეგმა სამეურვეო საბჭომ გუშინ დაამტკიცა. რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტის მომზადების მიუხედავად, პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ განსხვავება ორ სხვადასხვა დროს მომზადებულ გეგმას შორის არ არის, რადგან ორივე შემთხვევაში დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინება უგულებელყოფილია.

მედიამკვლევარები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არხის ხელმძღვანელების გეგმას საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალკონკურენტუნარიანობის შესახებ.

მთავარი კითხვა სწორედ იმას უკავშირდება, თუ რა იქნება 17 ივლისის შემდეგ, როდესაც მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვების გარდა, შეჩერდება. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელებს მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან დათქმული ვადა წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რა დროსაც მაუწყებელს განსაკუთრებული ვალდებულებები გააჩნია.

დამტკიცებული გეგმის მიხედვით, არხზე კონკურსი პირველ აპრილს გამოცხადდება და ახალი სეზონისთვის გადაცემებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ პირველ არხზე 31 გადაცემიდან ეთერში შესაძლოა ნახევარი დარჩეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები