17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
ენგურის ხიდზე ერთი გადასასვლელის და სერიოზული პრობლემების წინაშე დარჩენილი მოსახლეობა

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე არსებული 3 გადასასვლელიდან მხოლოდ ერთი, ენგურის ხიდზე დატოვა. გამშვები პუნქტების დახურვას პირადად ესწრებოდა აფხაზეთის ე.წ. ვიცე პრემიერი, მისი დარწმუნება, რომ ათასობით ადამიანისთვის გადაადგილების პრობლემა არ შეექმნა, ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეძლეს. 

მოგვიანებით ასლან კობახიამ ისიც განაცხადა, რომ ცენტრალური ხიდის გარდა, მდინარე ენგურზე საოკუპაციო რეჟიმი ყველა ხიდის დემონტაჟს მოახდენს.

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის თქმით, მათ მხოლოდ ერთი გადასასვლელის დატოვება ძალიან დიდ ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

ოკუპირებულ აფხაზეთთან გადასასვლელების ჩაკეტვა ოფიციალურმა თბილისმა როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე უნდა დააყენოს - ასეთია ქართველი ექსპერტების რჩევა. მთავრობას ექსპერტები გალში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე უფრო მეტ მუშაობას ურჩევენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაეხმარება მთავრობა, გადასასვლელების ჩაკეტვით დაზარალებულ ქართულ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებისთვისაც ქართულ ენაზე განათლების მიღება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე შეუძლებელია, სკოლებსა და ბაღებში კი არ უშვებენ.

ავტორი: ემა გოგოხია. 

 

დღის ამბები