17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
"ერთსულოვნების" თანამშრომლებმა პატრიარქს მიტროპოლიტი პეტრეს თანამდებობაზე დატოვების თხოვნით მიმართეს

ტელეკომპანია ერთსულოვნების თანამშრომლებმა პატრიარქს მიტროპოლიტი პეტრეს თანამდებობაზე დატოვების თხოვნით მიმართეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტელეკომპანიის დირექტორი მეუფე პეტრე ცაავა თანამდებობიდან გადააყენეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთეს ტელევიზიის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება, მისი დაბრუნების თხოვნით.

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, მას საპატრიარქოს ტელევიზიის მართვის უფლება ჩამოერთვა. 

ერთსულოვნების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია ერთსულოვნების განვითარების საქმეში, მომავალშიც დაფასდება.

"უმორჩილესად ვთხოვთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები