17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროტესტს დამწვარ შენობასთან აგრძელებენ

თბილისის საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მუნიციპალიტეტის შენობის წინ კარვების დადგმა სცადეს.

მოვაჭრეებმა უვადო შიმშილობის დაწყება ჯერ კიდევ გუშინ დააანონსეს, თუმცა მათ კარვების დადგმის უფლება პოლიციამ არ მისცა. კარვები ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა გაიტანეს, აქციის მონაწილეებმა კი, მჯდომარე აქცია დაიწყეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მოვაჭრეებს შეხვედრაზე დათანხმდა. შეხვედრა, რომელიც გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით მედიისთვის დახურული იყო, თითქმის 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი, დააკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნებს, არ მიუღიათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გიორგი ალიბეგაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს ბიუჯეტში თანხა არ არის და დაზარალებულებს ვერ დაეხმარებიან, საკრებულოს თავმჯდომარე მოვაჭრეებს სხვა უწყებებისთვის მიმართვას ურჩევს.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების პრობლემებზე სასაუბროდ საკრებულოში სამუშაო ჯგუფი მომავალ კვირაში შეიკრიბება, მანამდე კი მოვაჭრეები პროტესტს ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის წინ გააგრძელებენ.

დღის ამბები