17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
"უნდა იყოს აღნიშნული სუბიექტი, თუ ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა აღნიშნული საწამლავი გამოყენებული" - მიხეილ რამიშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილი ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტების ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო - ვიდეო ჩანაწერების შემდეგ, მის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა არ მომხდარა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ისინი სინოდის სხდომას ელოდებოდნენ.

“გვაინტერესებდა რა პოზიცია ექნებოდათ წმინდა სინოდის წევრებს. მერე იყო ოფიციალური განცხადება, რომ ენდობიან გამოძიებას და მე კითხვა გამიჩნდა ამის შემდეგ, გასაგებია, რომ უნდა ენდო გამოძიებას, მაგრამ როცა თანასწორობის პრინციპი არსებობს, რატომ არ უნდა ენდო ადვოკატებს. მე მგონი არ იქნებოდა ურიგო ჩვენთანაც ყოფილიყო შეხვედრა და ჩვენ ჩვენი პოზიცია გვეთქვა. არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეს უსმინო,“ - განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ის სუბიექტი, ვისზეც საწამლავი უნდა გამოყენებულიყო.  

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირდაპირ ვამბობ, უნდა იყოს აღნიშნული სუბიექტი, თუ ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა აღნიშნული საწამლავი გამოყენებული. საბრალდებო დასკვნაში სუბიექტი არის შორენა თეთრუაშვილი. ჩვენ მაგაზე გვაქვს საუბარი, არის ეს ის სუბიექტი?“ - აღნიშნა რამიშვილმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების ამონარიდებით სულ სხვა სურათი იქმნება. 

“ამონარიდებში ჩანს აბსოლუტურად არა შესაბამისობა, რაშიც ბრალი აქვს წაყენებული მამა გიორგის. იმიტომ, რომ ორი ადამიანის საუბარი შეიძლება ძალიან ბევრ თემას შეეხოს. ამიტომ ვიძახი, ნაწილ-ნაწილ ჩვენებით ჩვენი მთლიანი სურათი არ გვექნება,“ - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ ირაკლი მამალაძე მამა გიორგისთან საუბრისას შესაძლოა დასმული კითხვებით პროვოცირებას ახდენს.

მიხეილ რამიშვილი პროკურატურას ურჩევს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტოს.

დღის ამბები