17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
საქართველოს ეკლესიაში არსებობს კრიზისი ღირსეული კანდიდატების შერჩევაზე - თეოლოგი ლადო ნარსია

„სინოდი ამ შემთხვევაში სრულიად ბუნდოვნად რეაგირებს საკითხზე,“ - ასე აფასებს თეოლოგი ლადო ნარსია წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებას, მეუფე პეტრეს ტელეკომპანია ერთსულოვნების ხელმძღვანელის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ლადო ნარსიამ აღნიშნა, რომ სინოდს უნდა მიეღო სამღვდელმთავრო ფუნქციის შეზღუდვის სანქცია, ამის ნაცვლად კი ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვა. მისი თქმით, მეუფე პეტრესთვის დასჯის სუსტი მცდელობა ერთსულოვნების დირექტორობის ჩამორთმევა იყო, თუმცა სამღვდელმთავრო ფუნქციის შეზღუდვა არ მომხდარა.

ლადო ნარსია მამა გიორგი მამალაძის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ სავარაუდოდ ის ჯგუფის ერთგულ წევრად აღარ განიხილებოდა, რადგან მას ინფორმაციები გაჰქონდა. თეოლოგის თქმით, შესაძლოა, მისი ჩამოცილების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტი გახდა.  

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიაში არსებობს კრიზისი ღირსეული კანდიდატების შერჩევაზე, არსებობს კრიზისი და დაუდგენელი წესები, თუ როგორ ხვდებიან ადამიანები ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ასევე, როგორ ბარდებათ მათ მნიშვნელოვანი ვალდებულებები,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგის თქმით, ფარულ ჩანაწერში გამოყენებული ტერმინებიც სასულიერო პირებისთვის პრობლემური საკითხია. მისი თქმით, „ათობით მამა გიორგი მამალაძეა“ ეკლესიაში.

„მამა გიორგი მამალაძე არის ნიმუში იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებობს ასეთი პრობლემა და მამა გიორგი მამალაძე, თავის დროზე, როცა ის იქნა შერჩეული ამ პოზიციაზე, უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად შემოწმებული,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი დღევანდელი კრების შემდეგ დასახელებულ კანონიკურ ნორმებს სინოდის მხრიდან „სამარცხვინო განცხადებას“ უწოდებს. მისი თქმით, საპატრიარქოს ამჟამინდელი საკითხები საერთაშორისო საეკლესიო საზოგადოებას უნდა გააცნონ.

მისი თქმით, მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს უპირისპირდებოდა, თუმცა საერთო ჯამში ის უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავდა.

დღის ამბები