17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ცალკე გამართული ბრიფინგების ნაცვლად, ჯობია მისი წარმომადგენლების მეშვეობით მიიღოს ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა - მათიკაშვილი პრეზიდენტზე

„მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლა, იყო გარკვეული პოზიტიური ნიშნები ამ გამოსვლებში, თუმცა ცალკე გამართული ბრიფინგების ნაცვლად, ჯობია მისი წარმომადგენლების მეშვეობით მიიღოს ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა,“- ეს განცხადება დავით მათიკაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან გამართულ განხილვაზე არ იყო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა დაიწყო.

დავით მათიკაშვილის თქმით, საყოველთაო სახალხო განხილვა მას შემდეგ იწყება, რაც გარკვეულ კანონპროექტზე შეთანხმება მოხდება. მისივე განცხადებით, განხილვის ინიციატორიც და განმახორციელებელიც არის პარლამენტი.

დავით მათიკაშვილმა განცხადება ასევე გააკეთა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ მოძებნილია ოქროს შუალედი და საუკეთესო არჩევანი არის გაკეთებული, მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების შემთხვევაში კი, საპარლამენტო უმრავლესობა მის დასაძლევად მზად არის.

მათიკაშვილა კურიერში პირდაპირი ჩართვის დასაწყისში კიდევ ერთ თემაზე ისაუბრა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები გააკრიტიკა. 

„მთელი დღის განმავლობაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დასდევდნენ უმრავლესობის დეპუტატებს, აჩვენებენ მათ წინა წლებით დათარიღებულ ამობეჭდილ დოკუმენტებს და ცდილობენ დასტყუონ ინფორმაცია, გარკვეული შეთქმულების შესახებ, რომ თითქოს საიდანღაც ხდება ინფორმაციის მოწოდება, რომლის საფუძველზეც მერე უმრავლესობა მოქმედებს. საუბარია იმაზე, რომ ჟურნალისტები აჩვენებენ 2015-2016 წლების რაღაც ინტერნეტმიმოწერებს, ცდილობენ ინფორმაციების გაგებას, რომელსაც ნიადაგი არ გააჩნია. ჩვენს დეპუტაციას ერთმანეთთან გააჩნია კომუნიკაცია. მთელი დღის განმავლობაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ, დასტყუონ ინფორმაცია თითქოს საიდანღაც ხდება ინფორმაციის მოპოვება,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

დღის ამბები