17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
გაზის ტარიფი შესაძლოა გაძვირდეს - გადაწყვეტილება სემეკმა მაისში უნდა მიიღოს

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა ზაფხულიდან გაძვირდეს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ენერგეტიკის მინისტრი მიზნობრივი სუბსიდირების განხორციელებას აანონსებს.

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა მიმართეს. კომისიამ ყველა აბონენტისთვის ერთიანი ტარიფი უნდა დაადგინოს.

რამდენით გაიზრდება გაზის სამომხმარებლო ტარიფი, ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიასა და ენერგეტიკის სამინისტროში არ საუბრობენ. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ზრდა დაახლოებით 8-დან 10 თეთრამდეა მოსალოდნელი.

გაზგამანაწილებელ კომპანიებში, ტარიფის გაზრდის მოთხოვნის შესახებ დამატებით განმარტებები არ გაკეთებულა. სპეციალისტები გადასახადის გაძვირების მთავარ მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ.

გაზის ტარიფის დაანონსებული გაძვირების გამო, ოპოზიცია ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

ბუნებრივ აირზე ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომპანიამ მაისში უნდა მიიღოს. არ არის გამორიცხული უკვე მიმდინარე წლის ივლისიდან ყველა აბონენტს გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწიოს.

დღის ამბები