17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ქვემო და ზემო ნიქოზს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს

მთავრობა ქვემო და ზემო ნიქოზს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ატარებს. ადგილობრივების განმარტებით კი ახალი გზა უახლოეს მომავალში ცხინვალში შევა. ზემო ნიქოზიდან ოკუპირებულ ცხინვალამდე დაახლოებით 200 მეტრი მანძილია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადგილობრივების ინფორმაციას კატეგორიულად არ იზიარებენ. საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზემო ნიქოზამდე 5 კილომეტრიანი გზის შეკეთება გეგმიური სამუშაოს ნაწილია. ზემო ნიქოზში, ქართულ საგუშაგომდე მიმავალი გზის ცხინვალთან შესაძლო დაკავშირებას ამ ეტაპზე კატეგორიულად უარყოფენ შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროშიც.

ადგილობრივების განცხადებით, გზის რეაბილიტაცია არ ხდება სოფელში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებთან, რაც კიდევ უფრო დიდ ეჭვებს აჩენს.

უმრავლესობაში ზემო ნიქოზთან მშენებარე გზის სამომავლოდ ცხინვალთან დაკავშირებას და მის სატრანსპორტო დერეფნად გამოყენებას სამომავლოდ არ გამორიცხავენ.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ამ პროექტის განხორციელება საზოგადოების გვერდის ავლით სცადოს.

ზემო ნიქოზისა და ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე ბოლოს 2008 წელს რუსულმა ტანკებმა გაიარეს, მას შემდეგ გზა რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებით ჩაკეტეს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე, ანა წერეთელი, შოთა კიკნაძე.

დღის ამბები