17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს წერილობით გამოეხაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს წერილობით გამოეხაურა. განცხადებაში საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

"აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით,"-აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამისნრტოს განცხადებაში საუბარია დევნილებსა და ლტოლვილებზე, ასევე ადგილობრივი მოსალხობის ეთნიკური დისკრიმინაციის შესახებ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები