17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
"ვფიქრობ, სერიოზული ზღვარი იყო გასავლელი და სამართალდამცავებმა შეძლეს, რომ ზუსტად ემოქმედათ," - გიორგი კვირიკაშვილი

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ცენტრალური მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის ვიდეომასალა.

„რაც მოხდა მემგონი არის კარგად შესაფასებელი. პირველ რიგში, წუხანდელი ღამე მემგონია, რომ ძალიან სწორად გავიარეთ. ვფიქრობ, სერიოზული ზღვარი იყო გასავლელი და სამართალდამცავებმა შეძლეს, რომ ზუსტად ემოქმედათ იქ სადაც საჭირო იყო და იმ ძალით, რა ძალაც იყო საჭირო. ახლა საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და ასევე იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ საღამოს და ღამის განმავლობაში ყველანაირი ზღვარს გადავიდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა ავუნაზღაუროთ იმ ადამიანებს ვინც დაზარალდნენ გუშინ ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ახლა სამართალდამცავებმა უნდა გააგრძელონ წესრიგის დაცვა. მისი თქმით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

„ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან იმ სამართალდამცავებს, ვინც გუშინ ღამე მუშაობდა, მადლობა გადაუხადა, რომლებმაც მისი თქმით, განსაკუთრებული თავშეკავება გამოიჩინეს მთელი ღამის განმავლობაში.

„რა თქმა უნდა, მომავალში მაქსიმალურად მეტი უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, იმისათვის, რომ ეს ერთობა იგრძნობოდეს ყოველდღე და ყოველ წუთში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

დღის ამბები