17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
არეულობა ბათუმში - პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტიკური სუბიექტები დღეს ერთმანეთს სდებდნენ ბრალს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თავიდანვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერდნენ ხელს. მათი აზრით, ოპოზიციურმა პარტიამ ეს აქცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

შს მინისტრი კი ხალხს დაჰპირდა, რომ განვითარებული მოვლენების ყველა ორგანიზატორი და მონაწილე აუცილებლად დაისჯება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ნაწილი პოლიციის მხრიდან მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებს. ვლადიმერ მგალობლიშვილი ამბობს, რომ მსგავსი მტკიცებულება არავის არ წარუდგენია და ამ საკითხზე საუბარი მხოლოდ ჭორის დონეზე იყო.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სიტუაციის დაძაბვა ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის წინ გამართულ აქციაზე აჭარაში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი.

თავისუფალი დემოკრატები ძალადობას გმობენ და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მალე გამოიძიებს, თუ ვის მიერ იყო მართული გუშინ განვითარებული პროცესები.

რესპუბლიკურ პარტიაში კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ზემოდან ვერ აკონტროლებდნენ და პროცესების პროვოცირება ამით იყო გამოწვეული.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, რაულ თავართქილაძე ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს, რადგან სამართალდამცველებმა სიტუაციის დროულად დარეგულირება ვერ მოახერხეს.

დღის ამბები