17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ბათუმის ღამის მოვლენები - დაპირისპირების გამწვავების ქრონიკა

11 მარტს, ბათუმი პლაზას ტერიტორიაზე პატრულმა არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე დააჯარიმა. მომხდარმა მძღოლსა და პატრულს შორის შელაპარაკება გამოიწვია. მოგვიანებით ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე დაკავებულ ჯიმი ვარშანიძეს მხარი დაუჭირა. მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა.

18:00 საათზე მოსახლეობის ნაწილმა საპატრულო პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გადაინაცვლა.

რამდენიმე საათში აქცია უფრო მასშტაბური გახდა, აქციის მონაწილეები დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას მოითხოვდნენ. მოსახლეობა პოლიციის მხრიდან დაჯარიმების მკაცრ პოლიტიკაზე და სამმართველოს უფროსის მიერ მოსახლეობის შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ.

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, დემონსტრანტებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი საპატრულო პოლიციის შენობის მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. მოგვიანებით მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სიტუაცია უკონტროლო გახდა. პოლიციელები ხალხის მასას ვერ გაუმკლავდნენ და უკან დაიხიეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ცოტა ხანში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და აქციის მონაწილეთა ჯგუფმა მანქანების დაწვა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

ბათუმის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზო საომარ ველად გადაიქცა. საბოლოოდ, დილის 06:00 საათისთვის, ბათუმის ქუჩებში სრულად ეკიპირებული სპეცდანიშნულების რაზმი გამოვიდა და მოქალაქეების მასობრივი დაკავება დაიწყო. არეულობის დაწყებიდან თითქმის 12 საათში, ბათუმის ქუჩების კონტროლი თავის თავზე კვლავ სამართალდამცველებმა აიღეს. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები