17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ბათუმის ღამის მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ - ხელისუფლების კრიტიკა და ოპოზიციის ბრალდებები

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი პოსტსკრიპტუმში ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს. უმრავლესობის წევრის თქმით, ბათუმში მომხდარი აქციის პარალელურად, სხვადასხვა ქალაქში მოხდა აქციების ორგანიზება. ის ამ პროცესებში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

„ჩვენ ვიხილეთ, ამ აქციის პარალელურად, რამდენიმე ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომლებიც ორგანიზებულ იქნა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ. ფაქტია, რომ ჩვენ ვნახეთ, როგორც მინიმუმ, ამ საპროტესტო ტალღის ძალიან ბოროტად, ქვეყნისთვის საზიანოდ გამოყენების მცდელობა,“ - აცხადებს ჩუგოშვილი. ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფო შექმნილ ვითარებაში სწორად და ადეკვატურად მოიქცა.

ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეების პროტესტის გრძნობა უპერსპექტივობის განცდამ გააჩინა, რომელიც ხალხს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. ზაზა ბიბილაშვილის აზრით, ხელისუფლებამ „ასლანის ნარჩენებს“ ბათუმის დარბევა აცადა, რათა შემდეგ შედეგები ნაციონალური მოძრაობისთვის დაებრალებინა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციის მთავარი პროვოკატორი ხელისუფლების მიერ დაქირავებული ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე ასრულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებებს, რომელიც გიგი უგულავას აზრით, ივანიშვილის უწყებაა.

რესპუბლიკურ პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი განმარტავს, რომ როდესაც საზოგადოებაში ახალი, მკაცრი წესების შეტანა იგეგმება, აუცილებელია მოქალაქეთა ინფორმირება ამის შესახებ, „რომ ახლა კანონი იკანონებს“. მას კითხვა უჩნდება, ხომ არ იყო გუშინდელ პროცესებში ჩართული ის ჯგუფი, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის ახალმა უფროსმა ჩამოალაბორანტა. ის აღნიშნავს, რომ აქტივისტი მერაბ ღოღობერიძე მრავალი წელია, რაც სპეცსამსახურების მიერ არის მართული და სწორედ ის იყო პროვოკატორი ბათუმში განვითარებულ მოვლენებში.

ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებს, პირველ რიგში ადამიანურობის გამოჩენა უნდა შეეძლოთ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოახერხა.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები