17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
არ შეიძლება პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ეძებდეს არეულობაში შანსს - ოთარ კახიძე ბათუმის მოვლენებზე საუბრობს

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, განმარტავს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში წვლილი აქტივისტ მერაბ ღოღობერიძეს ეკუთვნის.

„ეს არის სუს-ის ცნობილი ზონდერი, რომელიც გამოიყენებოდა ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმისთვის. ის გულშემატკივრობს ე.წ. ღარიბაშვილის კლანს და თავად აცხადებდა, რომ ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ თვითონ. ვინმე კი არ აბრალებს, თავად ამბობს ამას,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა და „ადეკვატურმა გამოძიებამ“ უნდა მოიკითხოს, ვინ იყვნენ ღოღობერიძის თანამზრახველები.

„ეს არ ჰგავდა სპონტანურ აქციას. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, ჯაჭვები, ჰქონდათ ნიღბები, ტომრებით მიიტანეს ქვები და საკმაოდ ორგანიზებულად დაესხნენ თავს, როგორ პოლიციას, ისე შემდგომ მთელი ღამის განმავლობაში არბიეს ულამაზესი ქალაქი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი აზრით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუ ვინ იყო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ბათუმში გამართული აქციის ორგანიზებაში და ასევე გასარკვევია, ვინ უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რომ სამართალდამცველებმა ვანდალიზმი ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში არ აღკვეთეს.

ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ისრები სხვაზე მიმართოს და პასუხისმგელობას გაურბის.

„ამაზე პასუხისმგელობას ხელისუფლება თვითონ შეიძება ვერ აცნობიერებს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ნათელია, რომ ბუნებრივია, ისინი მართავენ პროცესებს, მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

მისი თქმით, დღეს პოლიციის ავტორიტეტი დაკნინებულია, რაც ქართული ოცნების მმართველობის შედეგია.

ოთარ კახიძის აზრით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკურ სპექტრს ძალიან დიდი პასუხისმგელობა ეკისრება.

„ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეშვირა ხელი ნაციონალური მოძრაობისკენ. ევროპული მოძრაობა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ეძებდეს არეულობაში შანსს და არ შეიძლება, კეთდებოდეს განცხადება იმის თაობაზე, რომ სოლიდარობა ანტისამთავრობო მოძრაობას აჭარაში და დავირაზმოთ ახლა და მოვექცეთ ამ საპროტესტო მოძრაობის სათავეში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები