17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
10-მდე შინაური ცხოველის ლეში მდინარე ლიახვში - სპეციალისტები რუსი ოკუპანტების მხრიდან შესაძლო ბიოლოგიურ ტერორიზმზე საუბრობენ

ცხინვალში შინაური პირუტყვის 10-მდე ლეში მდინარე ლიახვში უკვე ერთი კვირაა, იხრწნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ რეგიონთან მდინარეში მკვდარი ცხოველების ნარჩენებია და ის შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს სახელმწიფო სამსახურებმა რუსთავი2-გან მიიღეს.

შიდა ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ მდინარე ლიახვის მონიტორინგს ატარებენ, თუმცა რატომ ვერ შენიშნეს მათმა სპეციალისტებმა მდინარეში ჩაყრილი პირუტყვის ლეში, პასუხს ვერ სცემენ. ადგილობრივ სამსახურებში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა, პირუტყვი დაავადებული ყოფილიყო და ის მდინარეში ცხინვალის რეგიონში ჩაეყარათ.

ადგილობრივ სამსახურებში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რას შეეძლო, გამოეწვია პირუტყვის მასიური დახოცვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ შიდა ქართლში შინაური ცხოველის დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ადამიანებს, ვინც უსაფრთხოების სფეროში მუშაობს. პროფესიით ბიოლოგი და ამავე დროს უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბიოლოგიური საფრთხეც ემუქრება.

სოფელი ზემო ნიქოზი, იქ სადაც შინაური პირუტყვის ლეში ლიახვმა ჩამოიტანა, ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

დღის ამბები