17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ვითარება ბათუმში - უკიდურესი დაპირისპირების მიზეზები და ურთიერთბრალდება

ბათუმში მომხდარი არეულობიდან მესამე დღეს ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა გახდა უკიდურესად მწვავე დაპირიპირების მიზეზი. თუმცა, ამ საკითხზე არაერთი ვერსია არსებობს, მათ შორის აქტიურად საუბრობენ ბათუმში უსაფრთხოების სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე.

ძალოვანებს შორის არსებულ უთანხმოებას არ უარყოფს თავად სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახი. ამირან ყიფიანის ახლობლები იმ ვიდეომასალის გასაჯაროვებას გეგმავენ, სადაც, მათივე მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ყიფიანის ძმასა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სუს-მა ამ ამბის შემდეგ ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს პოლიციის უფროსის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

მთავრობაში შიდასახელისუფლებო დაპირისპირების შესახებ ბრადლებებს უარყოფენ.

ქართული ოცნების წევრები ნაციონალურ მოძრაობას და ბათუმში მის ლიდერს ლევან ვარშალომიძეს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქციაზე არა 40, არამედ 65 ადამიანი დააკავეს. 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გათავისუფლდა. თუმცა, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების ღამეს, არეულობაში მონაწილეების გარდა ის მოქალაქეებიც დაზარალდნენ, რომლებიც აქციაზე არ იმყოფებოდნენ. ფიროსმანის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ საპატულო პოლიციამ და სპეცრაზმი შეცდომით გაუსწორდა. მიზეზი კი ამავე ქუჩაზე საშაურმეში დამონტაჟებული გამათბობელის აფეთქება გახდა.

ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ბათუმის ქუჩებს ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული დანაყოფები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები