17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
თაბორის მთაზე ხეები ისევ იჩეხება - ოპოზიცია ხეების მოჭრას პანორამა თბილისის მშენებლობას უკავშირებს

გარემოსდამცველი იმ ათეულობით საღი ხის მოჭრაზე საუბრობს, რომელიც თაბორის მთაზე, 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე დაწყებულ მასშტაბურ მშენებლობას შეეწირა. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსი აშენდება.

სამუშაოების მწარმოებლის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის წინ გაცემული ნებართვის მსგავსად, მერიამ მშენებელს 56 ხის მოჭრის უფლება იანვარშიც მისცა.

დაწყებული სამუშაოებისა და უკვე გაჩეხილი ხეების შემდეგ, თბილისის მერიამ ტერიტორიაზე კიდევ 51 ხის მოჭრისა და 14-ის გადარგვის ნებართვა გასცა. ახალ დოკუმენტს ხელს თებერვლის ბოლოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ქარცივაძე, აწერს.

დაახლოებით 1300 ხე ტერიტორიის მიმდებარედ უკვე მოჭრილია. მიზეზი კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა იყო, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია. ახალი გზატკეცილი სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილ ტერიტორიასთან გადის, რის გამოც გარემოსდამცველები ვარაუდობენ, რომ გზის მშენებლობაც ივანიშვილის სასტუმრო კომპლექსთან პირდაპირ კავშირშია.

ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე დაგეგმილი განაშენიანება პანორამა თბილისის ნაწილია. მათ საპასუხოდ კი თბილისის მერი მხოლოდ დედაქალაქის განვითარების მიზნობრიობაზე აკეთებს აქცენტს.

 

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი 

დღის ამბები