17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ვითარება ბათუმში - არეულობების დროს დაკავებული მოქალაქეებიდან 7 პირი ამ დრომდე საპატიმროში რჩება

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენები რამაზ ხიმშიაშვილის არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმებით დაიწყო. მისი თქმით, საპატრულო პოლიციამ მას ჯარიმა უკანონოდ დაუწერა  და დაკავების დროს ძალა გამოიყენა.

რამაზ ხიმშიაშვილის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს კიდევ ერთი დაკავებულის, ჯიმი ვარდანიძის, საქმესთან ერთად იხილავდა. ორივეს დაჯარიმების დროს პატრულისთვის წინააღმდეგობის გაწევას და, შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

სხდომა, ვარდანიძის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, ერთი კვირით გადაიდო. მომდევნო სხდომისთვის მან მოწმეები და ის ვიდეომასალები უნდა მოიპოვოს, რომელიც სათვალთვალო კამერამ დაკავების დროს გადაიღო.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 -12 მარტს არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებული 13 პირის პროცესი ჩატარდა. 7 მათგანი სასამართლო დარბაზიდან 250-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ისინი ბრალს აღიარებდნენ, თუმცა აქციის ორგანიზატორი ვერცერთმა ვერ დაასახელა.

დამატებითი მტკიცებულებები მოთხოვნით ხვალისთვის 4 სხდომა გადადო. ნაწილი აცხადებდა, რომ ბათუმში იმ ღამით არა აქციაზე დასწრების, არამედ სხვა მიზეზით ჩავიდნენ.

დაკავებულთა ახლობლებიდან ბევრი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრები შემთხვევით დააკავეს.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ხულოში გააკეთა. მღებრიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ძალა ნაადრევად შეგნებულად არ გამოიყენეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დღეს სამართალდამცველებს საბჭოში დამონტაჟებული კამერების გაშიფვრას სთხოვდნენ. 

ამ დრომდე პატიმრობაში 7 პირი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, პროკურატურა სასამართლოს ამ დრომდე პირების მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯას სთხოვს.

დღის ამბები