17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ელისო კილაძის შვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს - მის საქმეზე სასამართლო ხვალ 15 საათამდე იმსჯელებს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. დავით ხარშილაძეს პოლიცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენა-შენახვას ედავება.

მუხლი, რომლითაც ბრალდება მიმდინარეობს, 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, დაკავებული ბრალს უარყოფს, მისი ინტერესების დამცველი კი ხარშილაძის დაკავებას ქრონიკა პლიუსის რედაქტორის საქმიანობას უკავშირებს.

ელისო კილაძე დარწმუნებულია, რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს. ის აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.

ჟურნალისტის ამბობს, რომ იცის, ვინ დაეხმარა პოლიციას მისი შვილის დაკავებაში. ელისო კილაძის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დავით ხარშილაძეს დაურეკა და სპორტის სასახლის მიმდებარედ მისვლა სთხოვა, ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 2 კვირის წინ, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

დავით ხარშილაძეს 3 სხვადასხვა შემოწმება ჩაუტარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ტესტებით მისი ნარკოთრობა არ დადასტურდა. შსს-ის განცხადებით კი, დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი, ე.წ. ღრმა კვლევით.

დაკავებული გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ დავით ხარშილაძეს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ელისო კილაძის მხარდასაჭერად დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მისი მეგობრები და თანამშრომლები შეიკრიბნენ. სოლიდარობის ნიშნად ელისო კილაძის მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ ქუთაისშიც.

დავით ხარშილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო ხვალ 15 საათამდე იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები