17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
უთანხმოება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის - შეფასებები და კრიტიკა

დაახლოებით ერთ თვეში საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის მთავარი კანონის სამუშაო ვერსია უნდა წარადგინოს. მესამე სექტორი კომისიას მორიგი ინიციატივებით მიმართავს, რომლებსაც 28 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. თუმცა, რამდენად პრიორიტეტული იქნება მმართველი გუნდისთვის არასამთავრობო სექტორის წინადადებების განხილვა, უცნობია.

ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, დღეს პრეზიდენტი, საყოველთაო განხილვების მოწყობის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მინისტრთა კაბინეტში მიაჩნიათ, რომ მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას ცდილობს. პრეზიდენტს კონკრეტული ინიციატივების წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში თხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მმართველი გუნდის კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია. ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კამპანია - კონსტიტუცია ყველასია, ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივების მოსმენას არასამთავრობო სექტორისგან, სტუდენტებისგან და აკადემიური წრეებისგან გეგმავს.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ინიციატივებს საკონსტიტუციო კომისია არ გაითვალისწინებს. დეპუტატები პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ.

პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვებს აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორშიც და ამ საკითხების ნაცვლად, კომისიას უფრო მნიშვნელოვანი თემებით დაკავებას ურჩევენ.

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მომავალ კვირაშია დანიშნული. კომისიამ ქვეყნის უზენაესი კანონის სამუშაო ვერსია აპრილის ბოლოს უნდა წარადგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები