17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილის აზრით, ბათუმში გამართული აქცია ნაწილობრივ მართული იყო

„მე ვფიქრობ, რომ აქცია დაიწყო სპონტანურად, ეს ჩემი პირადი აზრია,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც არჩევანის პირდაპირ ეთერში ბათუმში განვითარებული მოვლენებს იხსნებს.

მისი თქმით, პირველი ლოკაციიდან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, 300-400 ადამიანი მთავარი სამმართველოსკენ ორგანიზებულად დაიძრა. მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები აქტიურობდნენ. მან აღნიშნა, რომ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მედიატორის როლს ასრულებდა.

„მომიტინგეები ითხოვდნენ დაკავებულების გამოშვებას, გათავისუფლებას და პლიუს ამას, ითხოვდნენ კახაბერ ბუხრაძის, აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“ - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა, მმართველი გუნდის წევრებს შეთავაზა, რომ პასუხისმგებლობას აიღებდა ხალხის დამშვიდების, თუ დაკავებულ პირებს გამოუშვებდნენ.

„ისე დალაგდა, რომ შევთანხმდით იქვე, რომ ეს ადამინები გამოვიდოდნენ, ოღონდ, ვციტირებ, რაც უთხრა შს მინისტრის მოადგილემ, ამირანაშვილმა, - დაიწყოს ქუჩის გათავისუფლების პროცესიო,“ - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ და მომიტინგეები ქვებს სისტემატურად ისროდნენ და სწორედ მაშინ, ერთ-ერთი ქვა ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მას მოხვდა.

მისი აზრით, აქცია ნაწილობრივ მართული იყო. ის ამ პროცესში აქტივისტ მერაბ ღოღობერიძის ჩართულობას არ გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები