17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ბათუმის მოვლენების უკან რუსული ძალა დგას

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, აცხადებს, რომ, როდესაც ბათუმში აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაახლოებით 23:00 საათზე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, პარტიის ვერსია გააჟღერა, რომ ამ პროცესში აქტივისტი მერაბ ღოღობერიძე იყო ჩართული და ეს რუსეთის ხელწერაა, რადგან საზოგადოების გაღიზიანება ტერმინით „თათრები“ მოხდა.

„ვისაც ახსოვს 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი, როგორც კი გაჩნდებოდა ეს ტერმინი, ეს იყო მართული და ეს იყო რუსული ნარატივი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ აჭარაში მსგავსი ისტორია 90-იან წლებშიც განვითარდა, თუმცა დღეს სხვა რეალობაა.

„მერაბ ღოღობერიძეს ყველა იცნობს, ვინც აქ არის, ვინც გვისმენს ბათუმში. ყველამ იცის, რომ მისი შესაძებლობები არის ნულის ტოლი და ის 5-კაციან აქციაზე მეტს ვერ აწყობს, მარგამ მისი Facebook-ის გვერდზე 9 მარტს და მანადე ბევრჯერ იყო ტირაჟირებული ეს ტექსტი. საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნა და რაღაცა ეს დამაკნინებელი ეპითეტი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ღოღობერიძე „ინსტრუმენტია“ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული. ის აღნიშნავს, რომ მან კანონი მრავალჯერ დაარღვია, მაგრამ არ დასჯილა.

„ხელისუფლება როდესაც ხედავს, რომ ქალაქში იქმნება ვითარება, როდესაც ხელოვნურად ძაბავენ და ძალიან შემაშფოთებელი ტერმინებით ოპერირება ხდება, ეს აღემატება ერთი ან ორი კაცის შესაძებლობებს,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მისი აზრით, საზოგადოების დარწმუნება, რომ პოლიციის უფროსი შეურაცხმყოფელ ეპითეტებს გამოიყენებდა აჭარის მკვიდრების მიმართ, არის რუსული ხელწერა, რადგან მსგავსი ტერმინები წლების განმავლობაში გამოიყენებოდა რუსული ძალების მიერ.

დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ღამის 2-3 საათის შემდეგ ქალაქში მიტინგი აღარ იყო და მხოლოდ „მარბიელი რაზმები“ დარჩნენ ქუჩაში. 

ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დაბნეული იყო და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ვარშალომიძის უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას გადააბრალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები