17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
საპატრულო პოლიციას წლების განმავლობაში სუს-ის ზონდერების ნასროლი კვერცხები ხვდებოდა - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, მიიჩნევს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციას „სუს-ის ზონდერების ნასროლი კვერცხები ხვდებოდა“.

„ხელისუფლებამ გახსნა ეს პანდორას ყუთი, მას ჰყავს ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის და კონტროლიდან გავიდნენ თუ არა ახლა ღარიბაშვილის თანამებრძოლი ღოღობერიძეები და, თუ სუს-ის დავალებებს ასრულებენ ისევ, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, მაგრამ არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენი ჩატარებული გამოძიება რაიმე შედეგებს მოგვიტანს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ის აღნიშნავს, რომ პოლიციამ კანონით გათვალისწინებული საშუალებები ქალაქის დასაცველად არ გამოიყენა. მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში ბიძნა ივანიშვილის გაღვიძებას არ უნდა დაელოდოს.

„ვინ მიიტანა იმ აქციაზე ტომრებით ქვები, ვინ მიიტანა მოლოტოვის კოქტეილები, ვინ მიიტანა ჯაჭვები და აღჭურვა ის წარმომადგენლები აქციის?“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უპასუხისმგებლობის დასაფარად ისრების ნაციონალური მოძრაობისკენ მიმართვას ცდილობს.

„არ შეიძლება, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ სცადოს ამგვარი ტიპის პროტესტის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს არის პოლიტიკური შეცდომა, მაგრამ პოლიტიკური შეცდომა ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ხელისუფლების აბსოლუტური უპასუხისმგებლობისგან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები