17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ელისო კილაძის შვილის საქმე - დაცვის მხარე დაკავების დროს არსებულ დარღვევებზე საუბრობს

პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დღეს სრულად გაიზიარა და ელისო კილაძის შვილს, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

გადაწყვეტილებას წინ დახლოებით საათ-ნახევრიანი პროცესი უძღოდა, სადაც ბრალდებულმა მის მიმართ დაკავების დროს განხორციელებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა. დავით ხარშილაძემ იმ პოლიციელების საქმიდან ჩამოშორება ითხოვა, რომლებიც მის დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას. ის აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას სწორედ დედის, გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის, საქმიანობის გამო მიზანმიმართულად დევნიდნენ.

ხარშილაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, ის ბრალს არ აღიარებს.

სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. ნანუაშვილის თქმით, მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ბრალდებულის მხარდასაჭერ აქციაზე მისული ადამიანების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას. ასევე გამოსაძიებელია ის დაზიანებებიც, რაც დავით ხარშილაძეს დაკავებისას აქვს მიღებული.

მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ელისო კილაძეც საუბრობს. გაზეთის რედაქტორი შს მინისტრს თბილისის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობის თანამდებობებიდან გადაყენებას ითხოვს და აპირებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდოს.

ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილია, რომ დავით ხარშილაძის საჩივრებთან დაკავშირებით საქმის შესწავლა ძალოვანი უწყების გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები