17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს - პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები

განათლებისა და ეკონომიკის მინისტრების შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილება ევა გოცირიძემ შეაფასა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა, საქართველოს მოუტანოს და ქიბარ ხალვაშს ღია მხარდაჭერას უცხადებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, ევროპული სასამართლო საკუთარ კომპეტენციას გასცდა, მეოთხე ინსტანციის როლი შეითავსა და ეროვნულ მართლმსაჯულებაში ჩაერია. ევა გოცირიძე თვლის, რომ რუსთავი2-ის საქმეზე აღსრულების პროცესის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა თანასწორობის პრინციპი და საკუთრების უფლება დაარღვია. გოცირიძემ, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლეობა სურდა, თუმცა ევროპულმა მხარემ ის დაიწუნა, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელი წერილით გააკრიტიკა.

ის თვლის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არასწორ, მისი შეფასებით, აგრესიულსა და უხამს გაგებას ამკვიდრებს.

ევა გოცირიძის ამ განცხადებების შეფასებისგან მისი კოლეგები თავს იკავებენ. ხოლო სახალხო დამცველისთვის ნებისმიერი სახის გაცხადება, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირებას ეხება, გაუგებარია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრის გუშინდელი განცხადებას იხსენებენ და აკრიტიკებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პრობლემას ხედავს და ამ საქმეში ცალსახა უპირატესობას საკუთრების უფლების დაცვას ანიჭებს.

სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ოპონენტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ მსგავსი შეფასებები ქვეყნის ინტერესებს ცალსახად აზიანებს.

მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საჯარო განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავს და არც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები