17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
არასამთავრობოები საკრებულოს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საკრებულოს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს მერია, თუმცა აუტიზმის მქონე ბავშვების ოჯახები სწორედ დედაქალაქის მერისგან ითხოვენ რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას.

არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ დადგენილება, რომელიც თბილისის თვითმმართველმა ორგანომ მიიღო, საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს კონვენციას ეწინააღმდეგება.

იმის დასამტკიცებლად, რომ დადგენილება დისკრიმინაციულია, არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადმიანის უფლებებისთვის თვითმმართველი ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება რამდენიმე ნაწილში გაასაჩივრა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბავშვების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით დაყოფა დისკრიმინაციულია და ის როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე გაეროს კონვენციასაც ეწინააღმდეგება.

თუ მომავალ კვირამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არ დაფინანსდებიან და მერია მათ შესაბამის პროგრამაში არ ჩასვამს, მათი მშობლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და დედაქალაქის მერიის წინ შიმშილობას დაიწყებენ.

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი

დღის ამბები