17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა ბათუმში მომხდარი არეულობის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა და მან გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. მან აქციის ორგანიზატორად ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომდგენელი დაასახელა.

„პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული ადამიანები. ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე, ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ეს, აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. რა თქმა უნდა, ორგანიზატორები პირდაპირ ჩანდა, მოწოდებებიც ისმოდა. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში ხალხის შეკრებას, რუსთავში, ქუთაისში. რა განმარტებებიც გააკეთეს, ისიც კარგად მოვისმინეთ და ეს იყო აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და ეს მთლიანი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათ კისერზეა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, გამოძიება თავის საქმეს შეასრულებს. 

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით, თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, იმიტომ რომ ხალხი არის ჩვენს მხარეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკავშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, თითქოს სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირებაა.

სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაპირისპირება არის ისეთივე ყურით მოთრეული მითი, როგორც ბევრი დანარჩენი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები