17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
"განაწყენებული მონა," "არაფრის მომცემი კრიტიკა" - ოპოზიცია უსუფაშვილის განცხადებებს აკრიტიკებს

“მისი კრიტიკა არაფრის მომცემია,“ - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

“ჩემ სურვილებში ნამდვილად  არ შედის ბატონი უსუფაშვილის კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ თვითონ იყო არაფორმალური მმართველობის შემწე, საერთაშორისო პრესაში მათ შორის და ამბობდა, რომ ეს კარგია. დღეს რომ მან შეიცვალა პოზიცია ეს კარგია, მაგრამ კრიტიკა მისი არაფრის მომცემია. მნიშვნელოვანია არაფორმალური მმართველობის შეცვლა,“ - განაცხადა რურუამ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, უსუფაშვილი ცდილობს ასეთი ხმაურიანი განცხადებებით გარკვეული პრეფერენციები შეიძინოს.

“ეს არის განცხადება განაწყენებული მონისა, რომელიც გააგდეს სათავადო კარვიდან და მეორეს მხრივ ის ცდილობს ასეთი ხმაურიანი განცხადებებით გარკვეული პრეფერენციები შეიძინოს,“ - აღნიშნა გუგავამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, დავით უსუფაშვილი თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე.

“ბატონი უსუფაშვილი ამ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე,“ - განაცხადა კანდელაკმა.

დღის ამბები