17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
"ქალაქის მერი უნდა მოემზადოს და მოვიდეს"- ჯაბა სამუშია დავით ნარმანიას საკრებულში დაბარებაზე საუბრობს

მოსამართლე ნაზღაიძისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს დღეს უმრავლესობის წევრები შეხვდნენ. შეხვედრის დეტალებზე კურიერის პირდაპირ ეთერში თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ისაუბრა.

“შევხდით NDI-ისა და IRI-ის წარმომადგენლებს და მათ გადავეცით ყველა ის დოკუმენტაცია, რაც კომისიაშია შემოსული  და ასევე გავაცანით საქმის ვითარება.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთან უნდა გვესაუბრა კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტული დოკუმენტაცია გვეჩვენებინა თუ რაზე დაყრდნობით მიიღო საკრებულომ გადაწვეტილება,“ - განაცხადა სამუშიამ.

ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თბილისის მერის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებითაც საუბრობს. მისი თქმით, საჭიროა გონივრული ვადა, რის შემდეგაც ქალაქის მერი საკრებულოში მივა. 

“ქალაქის მერი უნდა მოემზადოს და მოვიდეს. ვინმემ თქვა რომ ქალაქის მერი არ მოვა საკრებულოში? ერთი კვირის ვადაში ითქმევა კონკრეტული თარიღი რა რიცხვში მოვა ქალაქის მერი საკრებულოში. საყვედური ნამდვილად არ ეთქმის ქალაქის მერს. მერი მოვა თვის მოხსენებით იმ სხდომაზე, რომელზეც გაწერილი იქნება ყველაფერი და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი,“ - აღნიშნა სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნაზღაიძისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა. უმცირესობის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში იყვნენ იმ კორუფციული გარიგების შესახებ, რომლითაც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახმა 1 მილიონი ლარის ქონება უკანონოდ მიიღო.

დღის ამბები