17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო შესაძლოა დაკავებები გაგრძელდეს

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული 5 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩება. სახელმწიფო ბრალდება მათ მასობრივ არეულობას, ასევე პოლიციელსა და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას ედავება. სამართალდამცველებმა 11 მარტს განვითარებული მოვლენების საქმეზე, გუშინ 7 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან ადვოკატები და აცხადებენ რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.

სასამართლომ დღესვე ამავე საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზეც იმსჯელა. ერთი მათგანის მიმართ პროკურატურა გირაოს, მეორეს შემთხევაში კი პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაპირისპირების ოფიციალურ მოტივზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს. უცნობია ისიც დაადგინა თუ არა გამოძიებამ აქციის ორგანიზატორის ვინაობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ რომ უახლოეს მომავალში მომხდარი დაპირისპირების გამო ბათუმში დაკავებები გაგრძელდეს.

დღის ამბები