17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ვის და რა დოზით აღარ შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ვის და რა დოზით აღარ შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - მთავრობა სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს: პირველ მიზნობრივ ჯგუფში 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პედაგოგები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შედიან, ჯამში მილიონ 700 ათასი ადამიანი.

მეორე ჯგუფში შედიან ისინი, ვისაც თვეში 900 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, მათი რიცხვი 332 ათასამდეა.

მესამე ჯგუფში მოხვდა ყველა, ვისი შემოსავალიც 900 ლარზე ნაკლებია, მათ შორის 6-დან 18 წლამდე მოზარდები, რამაც ჯამში მილიონ 752 ათასი ბენეფიციარი შეადგინა.

მთავრობის გეგმით, მეორე ჯგუფიდან ისინი, ვისაც 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავალი აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდებიან და საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად იზრუნებენ

პროგრამაში სრულად რჩება პირველი ჯგუფი, ხოლო მათ შორის ყველაზე ხელმოკლეებს, სავარაუდოდ. ივნისიდან 4 დაავადების სამკურნალო მედიკამენტები დაემატება. თავიდან ჟურნალისტებთან პროექტის პრეზენტაციისას ითქვა, რომ ასეთი 200 ათასამდე ბენეფიციარი იქნება, თუმცა დღეს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რიცხვი 700 ათასი იქნება, ოღონდ ზუსტად რომელ ჯგუფებს შეეხება, ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია.  

მესამე ჯგუფისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ონკოლოგიურ სერვისზე წვდომა უქმდება, უმცირდებათ სხვა სერვისების დაფინანსებაც და 3 თვის ვადა ეძლევათ ამ რეჟიმში დასარჩენად.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი 

დღის ამბები