17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
გენო კალანდიას 19 მარტს დაკრძალავენ

„ნამდვილი პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება,“ - ასე იხსენებს გენო კალანდიას მისი მეგობარი, ბესიკ ხარანაული. ის ამბობს, რომ გენო ყველასგან გამორჩეული არამხოლოდ მისი ლექსებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც იყო.

პოეტი და ჟურნალისტი ამავდროულად საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. მისი ნაშრომები პერიოდულად სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდებოდა. მშობლიურ ქალაქში გენო კალანდიას ლექსების კრებული პირველად 1967 წელს გამოიცა.

შემოქმედებითი ცხოვრების გარდა, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც. ორივე სფეროში მისი მოღვაწეობა მხოლოდ ერთს - სამშობლოს სიყვარულს ემსახურებოდა. პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს აფხაზეთი მოურჩენელ იარად მთელი ცხოვრება აწვებოდა, სამშობლოს იძულებით დატოვება კი მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო.

ამ მოვლენის შემდეგ მრავალი ლექსის ავტორს 5 წლის განმავლობაში არაფერი დაუწერია. გენო კალანდიასთვის თავდაპირველად წარმოუდგენელი იყო პოეტურ სტრიქონებში იმ დარდის ჩატევა, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ატარებდა.

თბილისში პოეტის ლექსების რამდენიმე კრებული „თოვლის სასახლე“, „გრაალი და კარიატიდები“ და ბოლოს - „ასი ლექსი“ გამოიცა.

სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გენო კალანდიას, 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში 2015 წელს გაიმართა. პოეტი 15 მარტს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კვირას, 19 მარტს, დაკრძალავენ.

 

დღის ამბები