17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
ჩვენგან უნდა ელოდოს გამოძიება სიურპრიზებს - ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ბრძოლაზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიცია მისი შვილის დაკითხვის და დაკავების დროს კანონმდებლობის ყველა ნორმა დარღვეულია.

„პოლიცია იყო იმდენად თავხედი, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით აყენებდნენ ამ შეურაცხყოფას,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

მან აღნიშნა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც მიაწოდა ინფორმაცია. ელისო კილაძის თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაშიც გააგზავნა ინფორმაცია და ელოდება მათი მხრიდან რეაგირებას.

„გენერალურ ინსპექციაში დაწყებული თითქოსდა გამოძიება არის სრული ბლეფი იმიტომ, რომ ის, რასაც დაწერს დავით ნატრიაშვილი, გენერალური ინსპექცია გაიმეორებს იმას. ამ ერთ წრეზე ტრიალებს ეს საქმე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძემ შაბათის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეში საგამოძიებო უწყებებისთვის მომდევნო კვირა იქნება „ძალიან მძიმე“, რადგან მათ „მძიმე გადაწყვეტილებების მოსმენა მოუწევთ“.

„ჩვენგან უნდა ელოდოს გამოძიება სიურპრიზებს იმიტომ, რომ ეს სიურპრიზები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იქნება ერთ ნაბიჯი ჩემი შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების შიგნით მიდის სერიოზული საუბრები მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლებაში ამ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მან ასევე დაანონსა, რომ მომავალ კვირაში ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად ქმედითი ნაბიჯების გადაადგმას გეგმავს.

დღის ამბები