17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ასეთი პრეზიდენტი უკვე აღარ იქნება დავალებული რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიისგან - ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის არჩევის წესზე

კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტის არჩევნების წესს ბევრი ფაქტორის განმსაზღვრელად მიიჩნევს. მისი თქმით, ის პროპორციული სისტემის მომხრეა, თუმცა, მისი თქმით, მანდატების განაწილება უმნიშვნელოვანესია.

შაბათის კურიერში ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ  მნიშვნელოვანია, პარტიამ არჩევნების დროს მიღებული ხმების შესაბამისად მიიღოს მანდატები პარლამენტში.

„საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე ითქვას უარი, მაგრამ ამის შემდეგ დგება პრობლემები. როგორ განაწილდება მანდატები,“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ვახტანგ ხმალაძე ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ეს მოგვცემს, ჩემი აზრით, უაღრესად არასამართლიან შედეგს".

მისი თქმით, შესაძლებელია, ისეთი სისტემის შემოღება, როდესაც გაუნაწილებელი მანდატები საერთოდ არ არის ან იყოს საარჩევნო კვოტის სისტემა.

ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესის მომხრეა. მისი თქმით, ორი მოდელი არსებობს ირიბი არჩევის დროს, - როდესაც პარლამენტი ირჩევს ან საარჩევნო კოლეგია.

მისი ვარიანტიც, რომელიც მან სააკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა, პრეზიდენტის ასარჩევად, სწორედ საარჩევნო კოლეგიის შექმნას ითვალისწინებს.   

"მაღალი ალბათობით, ისეთი პირის არჩევა გახდება შესაძლებელი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღებია არამხოლოდ იმ პარტიისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ამ სააარჩევნო კოლეგიაში, არამედ სხვებისთვისაც მისაღები იქნება. ასეთი პრეზიდენტი უკვე აღარ იქნება დავალებული რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიისგან," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დღის ამბები