17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე დაკავებები გრძელდება

ამ დროისთვის ბათუმის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში 8 პირია მოთავსებული. ყველა მათგანი დღეს სახლებიდან აიყვანეს. ადვოკატებმა ზუსტად არ იციან, თუმცა, სავარაუდოდ, მათი დაკავება იმ ვიდეოკადრების გაშიფვრის შემდეგ მოხდა, რომელიც 11 მარტს მედიასაშუალებებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დღეს დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. გარდა ვიდეომასალებისა, უცნობია, პოლიციას კიდევ რა მტკიცებულებები აქვს. დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებულებიდან მხოლოდ ერთს აქვს პრეტენზია სამართალდამცველების მიმართ.

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეს ჰყავს 2 არასრულწლოვანი ბრალდებული. ერთ-ერთი 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რადგან ის წარსულში ქურდობაზე იყო ნასამართლევი და პირობით მსჯავრში იმყოფებოდა.

ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 80 პირი დააკავეს. საერთო ჯამში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 41 საქმე შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე უფრო მეტი პირია დასაკავებელი. შესაბამისად, ბათუმში დაკავებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

დღის ამბები