15 ივნისი 2024,   06:34
ვრცლად
უმრავლესობა იმართება შუშის კოლბიდან - მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერას ოპოზიცია ეხმაურება

მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე შეფასებებს ოპოზიციის წევრები აკეთებენ. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.

„ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად, იღებს საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. კანონის მიხედვით, პროკურატურა თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, მაგრამ გვაქვს რეალობა, როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მითითებას ასრულებს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი უმრავლესობა, ხელისუფლება იმართება ერთი ცენტრიდან და შუშის კოლბიდან, ივანიშვილის მიერ და ის აძლევს ყველას ბრძანებებს, რა უნდა ილაპარაკოს, როგორ უნდა ილაპარაკოს, ამას ადასტურებს, რომ მიმოწერაში ჩართულია უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ამ მიმოწერაში ჩართულები არიან სუს-ის, პროკურატურის წარმომადგენლები,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ქართული ოცნების წევრებისთვის იგზავნება წერილები, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ.

საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ს ეხება. დეპუტატების გარდა, შეტყობინება ეგზავნებათ პროკურატურისა და უშიშროების წარმომადგენლებს და ასევე ივანიშვილის დეიდაშვილს - უჩა მამაცაშვილს.

ამავე თემაზე
დღის ამბები