17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ხმაურიანი დაკავებები - ხელისუფლება იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტებს უარყოფს

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ხმაურიან დაკავებებს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს პირველად გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ყველა, ვინც ხმამაღლა პოლიციის მხრიდან უფლებების გადამეტებასა და საქმეში მტკიცებულებად წამლის ან იარაღის ჩადებაზე საუბრობს, ცრუობს.

ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელშიც გამოძიებას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას ედავებიან, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის ბრალდების საქმეა.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე ძმების - გიორგი და დათო ფეიქრიშვილების და მათი მეგობრის ნოდარ ნიშნიანიძის დაკავება იყო. დაკავებულები, მათი ოჯახის წევრები და აყვანის სპეცოპერაციის თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ფეიქრიშვილების სახლში იარაღი და ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალება, პოლიციამ ჩადო.

კურიერის არქივში ხმაურიანი დაკავების და პოლიციის მხრიდან უფლებების გადამეტების თემაზე მომზადებული არაერთი რეპორტაჟი ინახება. ერთ-ერთი პირველი, ვინც პოლიციის მხრიდან ნარკოტიკებისა და წამლის ჩადებაზე საუბრობდა, გრიგოლ ხერხეულიძე იყო. სწორედ მის დაკავებას მოჰყვა ვაკეში საპროტესტო აქციები - "არა ჩადებას."

უმცირესობის დეპუტატები თვლიან, რომ პოლიციაც და პროკურატურაც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, ხოლო უმრავლესობაში გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ. დეპუტატები თვლიან, რომ საჯაროდ გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა.

მაღალჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ახალგაზრდა მამაცი, კახაბერ შპეტიშვილი, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკების ქონისთვის დააკავა და რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ მას წამალი ჩაუდეს.

დღის ამბები