17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე ტესტი იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში - ევროპარლამენტის დეპუტატები

დღეს ბრიუსელში საქართველოს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. რუსთავი2-ის საქმე კვლავ აქტუალური იყო დღეს ევროპარლამენტში. სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია პირადად რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიაწოდა.

ევროპარლამენტის დეპუტატები რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.

„ის ფაქტი, რომ შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მოწმობს იმას, რომ არსებობს ეჭვი იმ შედეგებზე, რომელიც გავლენას მოახდენს მედიაგარემოზე. ყოველთვის აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული ინსტიტუტები რუსთავი2-ის საქმეს. ჩვენ მიგვაჩნია ეს საქმე, როგორც ტესტი იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრმა, სანდრა კალნიეტემ.

ევროდეპუტატები თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი აზრით, რუსთვი2 ნდობის მქონე მაუწყებელია.

„მე საგარეო საკითხებზე ვმუშაობ და სრულად ვენდობი თქვენ მიერ გავრცელებულ ცნობებს. ის ასევე რეალურ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, რაც პროპაგანდასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა  ევროპარლამენტარმა, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ფრაქციის წევრმა, ანა ელიზაბეტა ფოტიგამ.

კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია ევროპის პარლამენტარებს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ, მიაწოდა. მისი განცხადებით, ევროპელებისთვის რუსთავი2-ის საქმე გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

დღის ამბები